
მე რომ ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანა დამაბრალონ, ალბათ, ისე არ გამიკვირდება, როგორც გიორგი აბდალაძის ჯაშუშობამ გამაკვირვა. როგორ არ ვეცადე, ჯაშუშად წარმომედგინა მეგობარი, მაგრამ ამაოდ. დაპატიმრებამდე სამიოდე კვირით ადრე ვნახე. 26 მაისი ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჰქონდა თბილისს. გიორგისაც ახველებდა. იმ ღამის მერე დამჩემდაო. მიამბობდა, როგორ მოიწამლა ცრემლსადენი გაზით და ინტუიციით როგორ მიიკვლევდა გზას ქაშუეთისკენ თვალებდახუჭული და სუნთქვაშეკრული. ჯიბიდან ნიღაბი ამოუღია და სახეზე აუფარებია.

ბოლო შეხვედრის დროს გიორგი მოწყენილი მიამბობდა 26 მაისს ღამით ნანახის და ფოტოებზე აღბეჭდილის შესახებ: "ჩვენ, სახელმწიფო სტრუქტურების რეპორტიორებმა, კარგად ვიმუშავეთ. სპეცრაზმელები ხელს არ გვიშლიდნენ და ყველაფერს ვიღებდით". იქნებ ახლა ვიღაც თავს ვერ პატიობს, რომ იმ ღამეს თავისიანებს, ანუ სახელმწიფო სტრუქტურების ფოტოკორესპონდენტებს მწვანე შუქი აუნთო?!
როგორც კი "პაპარაცის," ასე ვეძახით მას "კვირის პალიტრაში" ალღოიანობისა და მახვილი თვალის გამო, ჯაშუშობაზე ტვინის ჭყლეტას ვიწყებ, მყისვე ცხინვალის ომის დროს მის მიერ გადაღებული გორის დაბომბვისა და ომის ამსახველი სხვა კადრები მახსენდება. ამ კადრებმა მსოფლიოს დაანახვა, რა ხდებოდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში.
მათ გადასაღებად გიორგი თავს საფრთხეში იგდებდა, ყოველ წუთს შეიძლებოდა, მტრის სამიზნე გამხდარიყო, მაგრამ როცა საქართველოს სჭირდებოდა,მას უკან არასოდეს დაუხევია. ადამიანი, რომელსაც კი არ უყვარს, სტკივა სამშობლო, ჯაშუში როგორ ან რატომ არის? დამარწმუნეთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დაჭერას ჩვენი, ჟურნალისტების, მორიგ უხეშ გაფრთხილებად ჩავთვლი და ვიფიქრებ, რომ ხვალ ჩემი ჯერი დადგება!!!

P.S. გამოსავალი! ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტი უნდა გამოვცხადდეთ კუდში და "ვაღიაროთ" შპიონობა, რომ ჩვენც გადაგვიგზავნია ფოტო თუ სხვა წერილი ზოგიერთ უცხოურ საინფორმაციო სააგენტოში, ტელეფონითაც გვისაუბრია მათთან, შესაბამისად ჩვენც "შპიონები" ვართ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ, იქნებ ამით მაინც შევუმსუბუქოთ ჩვენს კოლეგებს ესოდენ აბსურდული ბრალდებები.
