
როგორც კვლევის შედეგების პრეზენტაციისას ინსტიტუტის წარმომადგენელმა, იაგო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, კითხვაზე – ვის ისურვებდით პრემიერ-მინისტრად 2013 წლიდან, 24,2%-მა მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, მესამე ადგილზე 7,8%-ით არის ირაკლი ალასანია, მეოთხეზე – 6,8%-ით გიორგი თარგამაძემ, ხოლო მეხუთეზე 6,4%-ით გიგი უგულავა.
იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის მხარდამჭერთა რიცხვი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიცხვს ჩამოუვარდება, რაც ნიშნავს, რომ პარტიის მხარდამჭერთა შორისაც მოიძებნებიან ისეთები, ვინც სააკაშვილის გაპრემიერებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
კითხვაზე, ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად ამ პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის წასვლის შემდეგ, გამოკითხულთა 31,8% პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილს, 12,7% ასახელებს გიგი უგულავას, 9,3% კი ირაკლი ალასანიას. გიორგი თარგამაძე 7,1%-ით მეოთხე ადგილზეა, ხოლო 23,9%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.
"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დაბალ პროცენტულ მაჩვენებელს იაგო კაჭკაჭიშვილი იმას უკავშირებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერ არ დაუსახელებია მისი სავარაუდო შემცვლელი.
"როგორც კი მიხეილ სააკაშვილი წარადგენს იმ პიროვნებას, რომელსაც გადასცემს მანდატს საქართველოს პრეზიდენტობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მხარდამჭერთა რიცხვი გაიზრდება", - აღნიშნა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია თბილისი მარიოტში მიმდინარეობს. პრეზენტაციას სოციოლოგები, პოლიტოლოგები, პოლიტიკური პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.